„ისინი ახლა ცდილობენ, რომ ნახონ რაღაც კონფიგურაცია ოთხი, სამი ან ორი გაერთიანების პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აჯობებენ. ყველანაირი კვლევა ჩაატარეს. რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს, – ისინი ვერც ერთი კონფიგურაციით ვერ ამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ წვალობენ, გადადიან-გადმოდიან ერთმანეთში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
„ახლა სხვა ძალები გადაისროლეს პარტიზანულად თვითონ „ნაცმოძრაობაში“, რომელსაც სახელს გადაარქმევენ და დაარქმევენ „ერთობას“. ზოგადად, სიტყვა “ერთობა” კარგი სიტყვაა, მაგრამ შემოიტანეს სარწმუნოების ნაცვლად. აქ კორელაცია ბუნებრივი და გაშიფვრადია, და ამ ერთობაში, კარგი სიტყვის უკან რაღაცების შეფუთვას ცდილობენ. თუმცა არ შველით არაფერი – „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე, ამაში ისინი თავიანთი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ, როგორც ჩვენთან იციან თქმა, „იხტიბარს არ იტეხენ“ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი მაინც ექნებათ, თუმცა, უშედეგოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.