„BFMTV-ი“: „პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო“

500

პარიზის პროკურატურამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოიძეიბა დაიწყო“, – აცხადებს ტელეკომპანია „BFMTV-ი“ წყაროზე დაყრდნობით.

გამოძიებას საფუძვლად დაედო ეჭვი, რომ ლე პენი 2022 წელს თავის საპრეზიდენტო კამპანიას უკანონოდ აფინანსებდა.

პროკურატურამ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინასაარჩევნო კამპანიების ანგარიშებისა და პოლიტიკური დაფინანსების კომისიამ (CNCCFP) ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ ანგარიში მოამზადა.

გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

საფრანგეთის კანონმდებლობით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიების დროს ხარჯების დაწესებული ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ. ხარჯების გადაჭარბების შემთხვევაში, CNCCFP-ს უფლება აქვს, საქმე გამოძიების დასაწყებად შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ ცნობილი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდა. „ეროვნულმა გაერთიანებამ“ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.