ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება არ არის აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა, პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლებში უნდა გაღრმავდეს.
“იმ დიდ სისულელეს და ტყუილს, რასაც ოპოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა გამოსვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. როგორ შეიძლება, ასეთი წარსულის მქონე ქვეყანამ, როგორიც არის საქართველო, უარყოს ევროპული გზა?!
ჩინეთთან – ამ ლიდერ, ეკონომიკურად უძლიერეს ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა არის დამატებითი ფაქტორი ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
დღეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან და არა ომი და ნგრევა, როგორც ამას გვთავაზობენ ოპოზიცია და მისი პატრონები.
როგორც ივანიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა (და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული – გავა დრო, დარწმუნდება ყველა), საქართველომ მშვიდობის შენარჩუნებითა და თავისი პოლიტიკით, არა მარტო ქვეყნის, მათი საქმეც გააკეთა”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.