„სპეცოპერაციის საშინელება არ იკმარეს, რაც გადაგვატანინეს და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე პერიოდი – იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მამაჩემი ციხეში იყო, ბიძაჩემი ციხეში იყო და მათ მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება.
„აბსოლუტურად ყველა მათი უფლება დაირღვა დაკავების მომენტიდან. როგორც გითხარით, ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ. იქამდე არავითარ დანაშაულში ისინი ბრალდებულები არ იყვნენ – არც შმაგი და არც გოჩა. ამ სპეცოპერაციის მომენტში ისინი დააკავეს და იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია გაემართლებინათ, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრასიძეები დამნაშავეებად შეერაცხათ. იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულს და აბრალებდნენ ჩვენს ოჯახს. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.