“რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? ვიღაცას რაღაც რომ სტკივა, ის ჩემს ცხოვრებაში აუგად არ მიხსენებია. ხანდახან მივჩერებივარ ტელევიზორს და გამოდიან, – მიშა გავათავისუფლოთ, მიშა გავათავისუფლოთო. მე კი ხშირად მაქვს ნათქვამი: ერთი, მოვიდეს ის ადამიანი და თვალებში ჩამხედოს-მეთქი. იმას შვილი რომ არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელითქო?!” – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს.
„აი, ეს ამბავი, რაც ხდება ახლა… 5-10 წლის შემდეგ… სკოლაში საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან, არა? ეს ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მე რატომღაც მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება, თუ ვინ, რა, რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ 5-10-20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად და წარსულს გადახედავს და იფიქრებს, – სააკაშვილს რა ჩაუდენია და მაინც გარეთ გამოუშვესო, ისიც გააკეთებს იგივეს, მაგრამ თუ ნახა, რომ აგებინეს პასუხი, ის ამას ვეღარ გაბედავს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.