პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, შვეიცარიელმა ექსპერტებმა, რომელთაც მრავალწლიანი და კვალიფიციური გამოცდილება აქვთ, აბსოლუტური სიზუსტით დაადასტურეს ის დასკვნები, რაც გასულ წელს ქართველმა ექსპერტებმა ანალიზის საფუძველზე მოამზადეს.
„ამბობდნენ, თითქოს, მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას; თითქოს, წინა დღეებში მოსული იყო დიდი რაოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქია; თითქოს, სახელმწიფო უწყებებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ საკითხებს.
სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე, დაახლოებით, სამი საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები.
ასევე, ფაქტობრივად, სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო. შოვის ტერიტორიაზე 2023 წლის 2 აგვისტოს დღის ბოლომდე მოსული ნალექის რაოდენობა 10-დან 20 მილიმეტრის ფარგლებში იყო.
გაცილებით მეტი რაოდენობის ნალექი (30 და 36 მმ) აღინიშნა ამავე წლის ივნისისში, რასაც არ გამოუწვევია სტიქია.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, ამან გამოიწვია მყინვარ ბუბას სათავეებში ერთი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო, ჯამში, ოთხი მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 18-24 მ/წმ იყო და შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულმა ნაკადმა, დაახლოებით, 7.5-10 წუთში მიაღწია, რაც ასევე დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მხრიდან“, – განაცხადა ბითაძემ.