სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ მესამე ადგილზეა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 21 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, დანია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ავსტრია, ფინეთი, კვიპროსი, პორტუგალია, ბელგია, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 69 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.
https://v-dem.net/data_analysis/CountryGraph/
https://v-dem.net/data_analysis/Yearcomp2Graph/