“პრაქტიკულად, პირველი ადამიანია ქალბატონი ნაირა, ვინც შემოვიდა ამ მსჯელობაში და არგუმენტის მაგვარი დაასახელა, და დიდი მადლობა მას. როგორ შეიძლება, უცხოური ძალის ინტერესები მაინცდამაინც ნეგატიურ კონტექსტში წარმოვიდგინოთ? მაგალითად, ევროპული ფონდებიდან, ევროკავშირიდან როდესაც შემოდის გარკვეული თანხა და ის ხმარდება კარგ საქმეს (სასწავლო დაწესებულებების, ფერმერების და ბევრი სხვა მიმართულებით) და ემთხვევა ქართულ ინტერესებს, ეს არის მხოლოდ ევროპისა და ევროპული ფონდების პოზიტიური და საამაყო თუნდაც, გადაჭარბების გარეშე, ინტერესი საქართველოში. და მაშინ, თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება?” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის პასუხად.

„დიახ, მე თუ ვარ “ენჯეოს” წარმომადგენელი და ვხელმძღვანელობ იმ “ენჯეოს”, რომელიც ევროპულ ფულს ხარჯავს საქართველოს სასიკეთოდ, ეროვნულ თუ სხვა, პრაქტიკულად, პოზიტიურ საქმეებში, მე დიდი სიამაყით ვიტყვი, რეესტრში ჩავეწერები, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ეს ევროპული ინტერესები არის ძალიან კარგი. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენს ამ საკითხზე ოპონენტები “რუსული, რუსულიო”, – თუთიყუშივით რომ გაიძახიან, იცით, რისი ეშინიათ? – ისინი, ბევრი მათგანი, განსაკუთრებით, მდიდარი “ენჯეოები” ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არაფრით არ უნდათ და ესირცხვილებათ და, შეიძლება, სწორად ფიქრობენ – როგორც კი გამჟღავნდება, ისინი აღმოჩნდებიან არა კარგი, არა პოზიტიური, არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები“, – განაცხადა მდინარაძემ.