„ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს, მათი საქმიანობის პერიოდში, ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ იმდენი, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის,“ – წერს “ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურება.

„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან.

სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის სანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილსა და დეპუტატებზე უკვე შეჩვეულნი ვართ. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს ქვეყანაში მხოლოდ პრეზიდენტია.

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს, მათი საქმიანობის პერიოდში, ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ იმდენი, რამდენიც “ნაცმოძრაობისთვის”. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს,“ – წერს ხუნდაძე.