,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე”, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, რითაც ,,ბათუმელების” რედაქტორის პოზიციას გამოეხმაურა.

“სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა, ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც, უპირველესად, საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით.

ცოტა ხნით ადრე, ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა; ქალბატონი, ალბათ, ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი, – თავადვე აღიარეს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.