„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, „ფეისბუკის“ გვერდზე ეხმაურება.

„რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვენ იმის გამო, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას და იბრძვის რეალური სუვერენიტეტისათვის, და მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა, ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ნაბიჯ-ნაბიჯ გახადა ქვეყანა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, თავისუფლად შეუძლიათ, 400 ეგზემპლარად გადაამრავლონ, ჯერ ექვსად, მერე – ოთხად, ბოლოს კი ორად გადაკეცონ და შეიტენონ ბალიშის ქვეშ, რომ ღამღამობით იკითხონ ხოლმე!

მოკლედ, როდესაც არ სურთ, რეალობა დაინახონ, დემონსტრირება უნდა მოუწყო.

ჰოდა, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი!“ – წერს ქადაგიძე.