“დღეს, სტრასბურგში ევროპარლამენტის მიმდინარე მოწვევის უკანასკნელი სესია გაიმართა. ივნისში, წევრ ქვეყნებში არჩევნები ტარდება და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება”, – წერს ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

“ამ შემადგენლობის ევროპარლამენტმა ბევრი სკანდალით დაამახსოვრა თავი ევროპას და, მთლიანად, მსოფლიოს. ყველაზე სამარცხვინო კი, უდიდესი კორუფციული საქმე იყო, რომელიც “კატარგეიტის” სახელით დარჩა ისტორიას. სქემაში არაერთი ევროპარლამენტარი და, ასევე, აპარატის თანამშრომელი მონაწილეობდა. ვიცე-პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ევა კაილის სახლში ქრთამის სახით მიღებული ფულის ნაწილი – 600.000€ იქნა ნაპოვნი. გამოჟონილი დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მილიონების სანაცვლოდ, წლების განმავლობაში ხდებოდა კონკრეტული რეზოლუციების ლობირება ან/და ჩაგდება კატარის, მაროკოსა და მავრიტანიის სასარგებლოდ.

ეს ყველაფერი არ არის! ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთმა სკანდალმა იფეთქა და გაირკვა, რომ არჩევნებზე ზეგავლენის მიზნით, რუსეთი რიგ ევროპარლამენტარებს ფულს უხდიდა! ეს რამდენჯერმე უნდა გავიმეორო – რუსეთი ევროპარლამენტარებს ფულს უხდიდა! ევროპარლამენტარები რუსეთისგან ფულს იღებდნენ!

ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო! შეკვეთილი რეზოლუციები საქართველოსთვისაც კარგად ნაცნობია. ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონის” – FARA-ს საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები ლობიზმისა და დიდი ფულის ნაყოფი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ შეკვეთილი რეზოლუციების შინაარსი იყო აბსურდული და ეწინააღმდეგებოდა ევროპულ სამართალსა და ღირებულებებს. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც რეზოლუციები ავტორებზე უფრო მეტს ამბობდნენ, ვიდრე ადრესატებზე! სამარცხვინოა და ჩალის ფასი აქვს დოკუმენტს, რომელშიც ასეთი ფორმულებია შემოთავაზებული – დაისაჯოს ივანიშვილი, გათავისუფლდეს სააკაშვილი! გვარამია პოლიტპატიმარია, კეზერაშვილი – დევნილი მედიამფლობელი!

დოკუმენტს, რომელშიც ასეთი ჩანაწერებია, მხარს უჭერს 400-ზე მეტი ევროპარლამენტარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ამ ინსტიტუტის მდგომარეობა კატასტროფულია!

დღეს მიღებული რეზოლუცია იმ ევროპარლამენტარების მხრიდან კარის გაჯახუნებას ჰგავდა, რომელთა მოწვევაც დამძიმებულია კორუფციული სკანდალებით, წარუმატებელი მიგრაციის პოლიტიკით, ჩავარდნილი მწვანე პოლიტიკით, პრობლემური რეგულაციებით, ფერმერების უწყვეტი პროტესტით და ა.შ.

წამსვლელები იმდენად აღარ გრძნობენ არანაირ პასუხისმგებლობას, რომ ისეთი საკითხიც კი ჩაწერეს, რომლის განხორციელებაც, უბრალოდ, შეუძლებელია! რეზოლუციის ტექსტში ვიზალიბერალიზაციის ხსენება ემსახურებოდა სიკვდილის პირას მყოფი დესტრუქციული ოპოზიციის, “ენჯეოებისა” და მედიებისთვის ხელოვნური სუნთქვით სიცოცხლის გახანგრძლივებას.

მაგრამ ამაოდ! 29 აპრილის შემდეგ რეანიმაციას ვეღარ დაექვემდებარებიან!!!“- წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.