“დღეს ამერიკას აწყობს ომის გახანგრძლივება უკრაინაში, რასაც ეწირება ევროპა”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გარდა უკრაინის ომისა, ევროპაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც.

“უკრაინის ომით გამოწვეული ევროპული ქვეყნების სტაგნაცია კიდევ დიდხანს გასტანს, თუკი ევროპულ პოლიტიკაში ცვლილებები არ განხორციელდება. ცვლილებები უნდა განხორციელდეს მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ. საქართველომ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი, ახლა ევროპის ჯერია.

თუკი ევროპა ამ არჩევანს არ გააკეთებს ივნისის არჩევნებში, მაკრონის სიტყვები გამართლდება და ევროკავშირი აუცილებლად დაიშლება.

ევროკავშირი – ეს არის ევროპულ სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა  კაპიტალის შიდა თავისუფალი გადაადგილებაც კი შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მაინც ახერხებენ რუსეთის ნედლეულის სხვადასხვა გზით მიღებას, მათი ეკონომიკა ყველაზე მეტად განიცდის ვარდნას.

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკას მიჰყვება. ამერიკა, ევროპისგან განსხვავებით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამერიკის ეკონომიკა იზრდება, ევროპის კი იკლებს.

ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი სოლიდური დახმარება იმაზე მიუთითებს, რომ  ომის რიტორიკა გაძლიერდება არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპაშიც.

საქართველო, ევროპისგან განსხვავებით, დიდი ნებისყოფის შედეგად, თავს ართმევს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ევროპის არჩევანი არ არის სრულად ევროპელების ხელში. დიდი ფული ოკეანის გაღმიდან იქაც, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკაში იხარჯება. დღეს ამერიკას აწყობს ომის გახანგრძლივება უკრაინაში, რასაც ეწირება ევროპა.

გარდა უკრაინის ომისა, ევროპაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და არავინ იცის, როდის იფეთქებს ეთნოკონფლიქტები ევროპულ სახელმწიფოებში.  ამიტომ, ივნისის არჩევნები ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება. გაუძლებს თუ არა ევროპა ამერიკული ფულით შეტანილ პოლიტიკას და დაიბრუნებს თუ არა სუვერენიტეტს, ამაზე პასუხი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გვექნება.

მინდა მჯეროდეს, რომ  უდიდესი კულტურის მქონე ევროპა კიდევ დიდხანს გასტანს და არ შეეწირება დიდი   სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშებს”, – წერს თამარ  ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.