“ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება”, – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 500 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 853 534 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა მერმა.